გრავიოლა

რა არის გრავიოლა, გრავიოლას მოქმედების მექანიზმი, რომელი დაავადებების დროს გამოიყენება გრავიოლა

დაწვრილებით

კარდიოლოგია

კონსულტაციები, გაიდლაინები, კითხვა-პასუხი, სამკურნალო საშუალებები...

დაწვრილებით

ონკოლოგია

სიახლეები, ალტერნატიული მკურნალობის საშუალებები, რჩევები...

დაწვრილებით

პრეპარატები

გრავიოლა/გუანაბანა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინები/მინერალები, სტრესი და ნერვული სისტემა, გულის და სისხლძარღვები, ათეროსკლეროზი, ქალის ჯანმრთელობა

დაწვრილებით

"პენტჰაუსი"

- All that we see or seem
Is but a dream within a dream- .
და რასაც ვხედავთ, ცხადში თუ ხილვად,
განა არ არის სიზმარი სიზმრად.
ედგარ ალან პო-

2დღეს ერთმა ჩემმა ნიჭიერმა ფეისბუკ მეგობარმა, მის მიერ შესანიშნავად ნათარგმნი ედგარ ალან პოს ლექსი დადო პოსტად, და უცებ საიდანღაც, დიდი ხნის წინ დავიწყებული მოგონება ამომიტივტიდა...


ინსტიტუტში სწავლისას იყო რაღაც მომენტი, როდესაც ლიტერატურაში გადავეშვი, ჩამოწერილი მქონდა საინტერესო მწერლების ნაწარმოებები და წიგნს წიგნზე ვკითხულობდი. ზუსტად მაშინ იყო, ედგარ ალან პოს შემოქმედებას რომ მივადექი. სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა მისი ყველაზე ცნობილი საშინელებათა ჟანრის ნაწარმოები - „ყორანი“, თუმცა მერე ჟურნალ „საუნჯე“-ში გადავაწყდი მის დეტექტიურ მოთხრობას „მოპარული წერილი“ და სულმოუთქმელად წავიკითხე. მოთხრობა კონან დოილის სტილში იყო. მისი მოკლე სიუჟეტი ასეთი იყო. - ერთ ერთ მინისტრს მოპარული აქვს მაკომპრომატირებელი წერილი, რომლის ქონა მას აძლევს ძალაუფლებას სხვა პიროვნებაზე. ყველამ იცის რომ ეს წერილი მის სახლშია. პოლიცია შედის სახლში, მისი იქ არ ყოფნისა. ჩხრეკენ ყველაფერს, მაგრამ წერილს ვერ პოულობენ. მინისტრის ქმედება წმინდა ფსიქოლოგიურ ეფექტზეა დამყარებული, მიღებულია, რომ მოპარული ყველაზე თვალთაგან მოფარებულ ადგილას უნდა დამალო, ამ დროს კი წერილი ყველას თვალწინ დევს მაგიდაზე დაჭმუჭნილი და მიგდებული. პოლიცია კი მას ყურადღებას არ აქცევს, ხან კარადებს და სკამებს შლის, ხან ბალიშებს ატრიალებს, ხან ვითომ გაძარცვის მიზნით თავს ესხმიან და თავიდან ფეხებამდე ჩხრეკენ. მოხალისე გამომძიებელი, შერლოკ ჰოლმსის ანალოგი - დიუპონი კი ხვდება რომ მინისტრი სხვანაირად აზროვნებს. ის არამარტო მათემატიკოსია არამედ პოეტიც და მალე პოულობს ამ წერილს. ეს სიუჟეტი მაშინ ძალიან ჩამრჩა გონებაში. ადამიანთა ფიქრების და განზრახვების გამოცნობაში დროის დაკარგვა ჩემი სუსტი წერტილი იყო.
ეხლა რაც უნდა მოგიყვეთ, შეიძლება სასაცილოდაც არავის ეყოს. მაგრამ მაშინ 30 წლის წინ ისეთი ეროტიული ჟურნალები, როგორიც არის „პლეიბოი“ ან „პენტჰაუსი“ სერიოზული კონტრაბანდის საგანი იყო.- „ სექსი საბჭოთა კავშირში არ არსებობს“. განაცხადა ერთხელ საბჭოთა ტელევიზიით საბჭოთა კავშირელმა ქალბატონმა. ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ტელედებატების დროს. მართალია ეს გადაჭარბებული განცხადება იყო, მაგრამ რაღაც სიმართლე მაინც იყო მასში. ეროტიული ჟურნალების ხელში ჩაგდება ერთობ ძნელი საქმე იყო. ეროტიულობა კინოში მხოლოდ მუხლზე მცირედ აწეული კაბით და ღრმად გამოხატული დეკოლტეთი გამოისახებოდა. ბავშვობაში ნანახი მქონდა კარტებზე გამოსახული შიშველი ქალების შავ თეთრი სურათები, რომლებიც საერთოდ საქალეთს შეგაჯავრებდა და ერთერთ თანამდებობის პირთან სტუმრობისას შემთხვევით მაგიდაზე მიტოვებული „პლეიბოის“ ჟურნალი. ინტერნეტი მაშინ არ იყო. მახსოვს როგორ ვიკრიბებოთდით ჩემი კურსელი ბიჭები , როდესაც მესამე შრომით სემესტრში გლადნის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს „ვაშენებდით“ - ნამდვილი მუშები შუა მზეზე ბლოკს ბლოკზე, რომ აწყობდნენ, ჩვენ ეზოში უშველებელ მართკუთხა სინკარში შევდიოდით და მარიო პიუზოს დონ კარლეონეს ათასჯერ გადანაბეჭდ ფურცლებიდან ტონისა და ლუსის ეროტიულ სცენას ვკითხულობდით,, უფრო სწორედ ერთი კითხულობდა და დანარჩენები ვუსმენდით, უნდა მოგვესწრო რადგან მეორე დღეს უკვე გპე-ის სტუდენტებს უნდა წაეღოთ საკითხავად ????
იმ რეისში სევასტოპოლიდან არგენტინაში მივცურავდით, მზესუმზირის ზეთის გადმოსაზიდად. ყირიმში შემოდგომის დასაწყისი სუფევდა. შემოდგომა ძალიან მიყვარდა თავისი ბარაქიანი მოსავლით, რადგან გემზე ეს სიხარული არ მექნებოდა, სევასტოპოლის მოლდავური ბაზრიდან ჩემ კაიუტაში ავზიდე - ყურძენი, კაკალი, თხილი, გოგრა და თვით 3 ლიტრიანი არომატული „ადესა“ ღვინო, რომელიც კომპოტად გავასაღე პორტის „პრახადნოის“ „ბაბუშკებთან“. ყურძნის დიდი აკიდო, ილუმინატორის სახელურზე დეკორატიულად ჩამოვკიდე და მისი ყურება მახალისებდა. კი ვიცოდი რომ დედამიწა მრგვალი იყო, მაგრამ რეალურად მეჩვენებოდა რომ სადღაც მოუსავალში მივდიოდით და გარკვეულ წერტილში დედამიწის კიდეს მივადგებოდით და მერე სადღაც უსასრულობაში შთავინთქმებოდით. გზა ძალიან მოსაწყენი იყო. გემზე ცხოვრების ხმელეთისეული ტემპი ნელდებოდა და მას უნდა მიჩვეოდი. მახსოვს ერთხელ კაიუტაში დიდი ენერგიული ბუზი შემოფრინდა - ვეცი, გაზეთი მოვკეცე და ვუქნევდი ბუზს მოსაკლავად, თუმცა ბუზი ძალიან სხარტი აღმოჩნდა ყოველთვის მასწრებდა გაფრენას. ნერვების მოშლის ზღვარზე ვიყავი, როცა აზრმა გამიელვა-სად მეჩქარებოდა? - უამრავი დრო მქონდა. გაზეთის ქნევას თავი დავანებე და ველოდებოდი, სანამ ფრენისგან დაღლილი ბუზი ძალების აღსადგენად სადმე მიეკვრებოდა - მივიდოდი გაზეთს ოდნავ ავუფრიალებდი, და ბუზი კვლავ იწყებდა ფრენას. თანდათან ბუზის ფრენის პაუზები შემცირდა. უკვე თავისუფლად შემეძლო მისი მოკვლა, მაგრამ ვაიძულებდი ფრენას, სანამ ბუზმა სრულიად არ შეწყვიტა გადაადგილება. კმაყოფილი ვიყავი მაგრამ ამავე დროს გამეფიქრა - იქნებ ზეცაში ვინმე იყო ისეთი, რომლისთვისაც ჩვენ ბუზისნაირი არსებები ვიყავით, და ასე გვაწვალებდა სანამ სული არ ამოგვხვდებოდა - ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ფარდობითია ...
არგენტინაში იმ დროს გაზაფხული იწყებოდა და თითქოს დროის საწინააღმდეგოდ მივცურავდით შემოდგომიდან გაზაფხულში დასაბრუნებლად. და მართლაც როდესაც არგენტინის პორტ ბაია ბლანკაში შევედით პირველად თვალში ატმისა და ვაშლის თეთრად და ვარდისფრად აყვავებული ხეები მოგვხვდა. ქალაქის მკვეთრმა წითელ და მწვანე კრამიტიანმა სახლებმა ისე იმოქმედა თვეზე მეტ ხანს სახლებისა და ხეების უნახავ, მხოლოდ ოკეანის მომწვანო მოლურჯო ფერის შემყურე მეზღვაურებზე, რომ გემის „შვარტოვკისას“ ბევრს თავბრუ დაეხვა, ხოლო ერთს გულიც კი წაუვიდა. მომიხდა მათთვის დახმარება გამეწია, თუმცა მეც ვერ ვიყავი კარგად. მეც თავბრუ მეხვეოდა, თუმცა ამას ვინ ჩიოდა წინ არგენტინა იყო, ჩემთვის საოცნებო ქვეყანა, რადგან არგენტინა 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონი იყო ფეხბურთში. ხოლო მარადონა უკვე პელესთან გათანაბრებული ჯადოქრობების ჩამდენი ფეხბურთელი. ამიტომაც პირველ რიგში არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ცისფერ და თეთრ ზოლებიანი მაისურის ყიდვა მსურდა. თუმცა სამხრეთ ამერიკის კონტინეტზე პირველად ფეხის შედგმისთანავე პირველ რიგში მუსიკალურ მაღაზიას მივაშურე. მანამდე კანარის კუნძულებზე პატარა ბატარეაზე მომუშავე საკასეტო მაგნიტოფონი მქონდა შეძენილი, რომელიც მაშინ არსებული საბჭოთა „მახინა“ მაგნიტოფონების ფონზე, მართლაც საოცრება იყო. გავოცდი იმდენი კასეტა ქონდათ ლამაზად დაწყობილი თაროებზე. გამყიდველი ულამაზესი ცისფერთვალება ქერა ახალგაზრდა გოგონა იყო. ჯგუფის დასახელება არ მქონდა დასრულებული, მაშინვე კასეტათა მთელი რიგი მოქონდა. ბოლოს კლასიკა ვკითხე მეგონა ამ ჟანრის მუსიკა არ ექნებოდათ. მაგრამ ბეთჰოვენის ყველა სიმფონია მომიტანა ცისფერთვალამ. ბოლოს 4 კასეტა შევარჩიე და როდესაც თანხა დამისახელა ლამის სისხლი გამეყინა ძარღვებში. ამ 4 კასეტით ჩვენთან 100 კასეტას მაინც ჩავაწერინებდი, მაგრამ ამ გოგოს უარს როგორ ვეტყოდი, ისე საამოდ და თბილად მიღიმოდა გრძელწამწამიანი თვალებით. გამოსვლას ვაპირებდი როდესაც დახლზე „პენტჰაუსი შევნიშნე. დახლთან არც არავინ მიდიოდა არც ჟურნალს არ ათვალიერებდა და მე შემძლო ეს ჟურნალი თავისუფლად მეყიდა. იმ წუთში წარმოვიდგინე ჩემი თბილისელი მეგობრების აჟიოტაჟი ამ ჟურნალის დანახვისას, ბევრი აღარ მიფიქრია, უკანასკნელი პესოები გადავიხადე და ჟურნალი წამოვიღე, თუმცa ვიცოდი, რომ გვეკრძალებოდა მისი ყიდვა და საბჭოთა კავშირში ჩამოტანა, თან არგენტინული მაისურის გარეშე დავრჩი.
უკანა გზა შედარებით იოლი გამოსასვლელი აღმოჩნდა. ჩვეულებრივად „კურილკაში” ვიკრიბებოდით, ნარდს და დომინოს ვთამაშობდით და ყველა ახლობლების მალე ნახვის იმედით ვიყავით აღსავსე. მერე გავიგე, რომ ზოგს იარაღიც წამოეღოთ ბაია ბლანკადან. გემის სამანქანო განყოფილებაში გემის უშველებელი ძრავის ღრიალში და სიბნელეში იმდენი სამალავი იყო თვით ეშმაკიც ვერაფერს იპოვიდა თუ ვინმე „ჩაშვებული“ არ იყო. ამიტომაც კონტრაბანდის მქონე, თვით საუკეთესო მეგობარსაც არაფერს ეუბნებოდა ხოლმე.
საბჭოეთში ჩამოსვლამდე, როდესაც ბოსფორის სრუტეს შავი ზღვისკენ გადმოვკვეთის შემდეგ ფაქტიურად ძილი არ მეკარებოდა. ტელევიზორში „ვრემიას“ დასაწყისი და ბოლოს ამინდის გამოცხადებასთან თანდართული მელოდია ისევ ჩემ ძველ ცხოვრებაში მაბრუნებდა ხოლმე. ძალიან გამეხარდა ოდესაში რომ მივდიოდით. ძალიან მიყვარდა ეს ქალაქი თავის ცნობილი პარკებით სკვერებით, სანაპიროებით. განსაკუთერებით მომწონდა პოტიომკინის კიბეები, დიუკ რიშელიეს სკულპტურა, სასტუმრო „ლონდონი“ , ზღვისპირა ბულვარი და დერიბასოვსკის პროსპექტი. ოდესა დილით მთლიანად განათებული იყო კაშკაშა მზით, საღამოს კი ჩვენთვის მხოლოდ ორი დიდებული რესტორანი არსებობდა „შავი ზღვა“ და “კრასნი” სადაც მეზღვაურები ხანგრძლვი ზღვაოსნობაში მიღებული სტრესებს ვცლიდით. თუმცა ეს ცალკე მოგონებების თემაა. მაგრამ ამჯერად მოუსვენრად ვიყავი ჟურნალის გამო. გადაგდება არ მინდოდა თბილისში, ბიჭებს ვიყავი შეპირებული. რისკი დიდი იყო რადგან შეიძლება გემიდან ჩამოვეწერეთ და საზღვარგარეთ აღარასოდეს გავეშვით, თან შესაძლოა ჩემ სკოლაში ან ინსტიტუტში გაეგზავნათ წერილი თქვენმა დამთავრებულმა კონტრაბანდა გააკეთაო, რასაც დედაჩემი ნამდვილად ვერ გადაიტანდ. და უცებ აქ გამახსენდა ალან ედგარ პო და მისი დეტექტიური მოთხრობა -„ მოპარული წერილი“. ოდესის საბაჟო ცნობილი იყო თავისი დახვეწილობით და გულმოდგინებით. მაგრამ მიუხედავად დიდი რისკისა ოდესის საბაჟო მაინც ადამიანური იყო, არ გაგწირავდა. შეიძლებოდა მასთან მოლაპარაკება, ქრთამის გადახდა და თავის გამოძვრენა. გადავწყვიტე ჟურნალი საბეჭდი ქაღალდების შეკვრაში დამემალა და შემომსვლელის ცხვირწინ მაგიდაზე დამედო. სახლიდა წამოღებული მქონდა გაუხსნელი საბეჭდი ქაღალდის შეკვრა. ფრთხილად გავხსენი მისი შემომხვევი ნაწილი, ამოვიღე ჟურნალის სისქის ფურცლების დასტა და ჟურნალი მოვათავსე მის შუაგულში. შემომხვევი ნაწილი აკურატულად დავაწებე და შეკვრა მაგიდაზე დავდე. გარეგნულად არაფერი ემჩნეოდა, არც გამობერილი იყო არც დაჭმუჭნილი. ამით ოდესის საბაჟოს თამაში წამოვუწყე.
ოდესის პორტში ჩვენი გემი ღამის პირველ საათზე ხანგრძლივი და ხმამაღალი სიგნალით შევიდა. აქ უკვე ნამდვილი შემოდგომა დამდგარიყო. უკვე სუსხიანი. მსუბუქი ქარი ასეთივე ჰაეროვნად მონავარდე მთვარის სხივებით მოლივლივე „ზიბს“ (მცირე ტალღები) წარმოქმნიდა. ნაპირის მხრიდან გამოსული მესაზღვრეების, საბაჟო და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის შხუნის დიდი ფარი მძლავრი მუქი მოყვითალო ფერის სხივებით ეფინებოდა ნავთსაყუდელის მორუხო არემარეს. ჰაერში სუფთა ოკეანის ჟანგბადით გაჯერებულ სუნს, ნაპირისთვის დამახასიათებელი ცოცხალი ორგანიზმების ლპობის შედეგად გამონთავისუფლებული აზოტის ნაერთების არომატი მიერთებოდა.

Untitledდელეგაციის შესახვედრად ყოველთვის პირველად ექიმი და კაპიტნის მე-4 თანაშემწე გადიოდა. მე-4 თანაშემწეს უპატაკებდა რომ გემზე არავინ გადმოყავდათ უკანონოდ. ექიმის მოვალეობა კი ის იყო, რომ მოეხსენებინა გემზე ყველა ჯანმრთელად იყო და ვირუსები არ შემოგვქონდა უცხოეთიდან. ამჯერად ექიმებიდან ერთი ხანშიშესული ქალბატონი დამხვდა. ქალბატონი გაციებული იყო და გულწრფელად შევთავაზე ჩემი აფთიაქიდან წამლების მოტანა. სწორედ აქ დავუშვი დიდი შეცდომა. მესაზღვრეებისა და საბაჟოს შემოწმების დროს გემზე გადაადგილება იკრძალებოდა. გამოსული არ ვიყავი დელეგაციის მისაღები ოთახიდან, რომ თვით საბაჟოს უფროსი შემეჩეხა. გამაჩერა და მკითხა ვინ ვიყავი. ავუხსენი და ისიც დავუმატე რომ მათი ექიმის წამლის გულისთვის ვიყავი გამოსული. - უფროსმა წვრილი ულვაშები ააცმაცუნა თხელ სახეზე. - მერე რაო და - აბა წავედით თქვენი კაიუტისკენო. - გული გადამიქანდა, მაგრამ რაღას ვიზამდი. კაიუტაში შესვლისთანავე გამაფრთხილეს - ახლა ჩხრეკას ვიწყებთ და თუ რამე გაქვთ იარაღი, ნარკოტიკი, პორნოგრაფია ან სხვა რამე კონტრაბანდა გვითხარითო. რა თქმა უნდა ყველაფერი ვიუარე, მაგრამ აშკარად ვიგრძენი რომ სახეზე წამოვწითლდი. ვიცოდი ვერასდროს ვიმუშავებდი მზვერავად. რასაც ვფიქრობ ყველაფერი სახეზე მეწერება ხოლმე. დაიწყეს ბიჭებმა მუშაობა. გადაანგრიეს ყველაფერი, ტუალეტშიც კი შევიდნენ უნიტაზი დაშალეს და სანაგვე ვედროც „გაშმონეს“. ერთადერთი რაც იპოვეს სანაგვე ურნაში გადაგდებული დაჭმუჭნილი ჩემ მიერ ჟურნალიდან გადმოხატული შიშველი ქალის „მელისას“ ნახატი იყო. უფროსმა კმაყოფილი სახით მომმართა -აბა ის ჟურნალი სად გაქვს, საიდანაც ეს სურათი გადაიხატეო. კიდევ უფრო ავილეწე. აშკარად დამეტყო ნერვიულობა, მაგრამ უკან დასახევი გზა უკვე არ იყო. - დიახ, მქონდა ჟურნალი და ზღვაში გადავაგდე მეთქი. - რა ზღაპარს მიყვებიო?! გაბრაზდა უფროსი ორ დამატებით მუშაკს დაუძახა, რომლებმაც ახალი ძალით განაახლეს ჩხრეკა. ახლებიდან ერთ- ერთმა მაგიდაზე მდებარე საბეჭდი ქაღალდების შეკვრა აიღო და მის ქვემოთ შეიხედა. შემდეგ უჯრებს მიუტრიალდა და გამადიდებელი ლუპით გასინჯა უჯრებს შორის არსებული ღრიჭოები. რის შემდეგ კაიუტის ჭერისა და კედლების დაშლას შეუდგნენ. იქაც, რომ არაფერი დახვდათ, შევატყვე, საბაჟოს უფროსი აშკარად გაბრაზდა, წამოწითლდა, ქვედა ყბა გამოეწია, თვალები აემღვრა და აღარ იცოდა რა ექნა. კაიუტიდან გასვლას მაინც არ აპირებდა. ამ დროს ჩვენი ოფიციალური „კაგებეშნიკი“ - კაპიტნის მოადგილე პოლიტიკის დარგში შემოვიდა. - რა ხდება ექიმს ელოდებიანო. საქმის არსი რომ გაიგო იქით შეუტია, ჩვენ ექიმს ამას როგორ აკადრებთო - მეც გამიბრაზდა, ჩხრეკა რომ დაიწყეს, რატომ არ შემატყობინეო. საბაჟოს უფროსი იძულებული გახდა დაეტოვებინა კაიუტა. მე კი გულმოცემულმა საბაჟოს თანამშრომლებს მივაძახე დაშლილი კედლები და ჭერი აეწყოთ .....
იმ ღამეს მკვდარივით დამეძინა. ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რომ ეს თამაში ჩემი გამარჯვებით დასრულდა და ათასჯერ მადლობა გადავუხადე ედგარ ალან პოს სულს. მისი საშინელი ფანტასტიკის მოთხობებიც კი ახლა საამო ბულვარულ რომანებად მეჩვენებოდა. ცნობილი ოდესური სიმღერა ამეკვიატა როზენბაუმის შესრულებით -„На одесском на майдане Шум-переполох, Полицмейстер Геловани Проглотил свисток..„
1105343მეორე დღეს ოდესაში ქალაქის დღესასწაული იყო. ბიჭებმა გადავწყვიტეთ ქალაქის ცენტრში გასეირნება. მოკლე სახელოიანი მაისურების ნაცვლად, რომლებიც ერთი თვის წინ არგენტინაში გვეცვა უკვე თბილი კურტკები ჩავიცვით. პოტიომკინის კიბეებზე სცენა მოეწყოთ და კონცერტი მიმდინარეობდა გორბაჩოვის დიდი პორტრეტის ფონზე, რომელიც დიუკის მონუმენტის გვერდით ძალიან შეუსაბამოდ გამოიყურებოდა. ოდესის სამხედრო აკადემიის ლამაზ ფორმაში გამოწყობილი ორკესტრი, ოდესის ჰიმნად წოდებული დუნაევსკის „თეთრ აკაციას“ უკრავდა, ყელმოღერებული ქერაკულულებიანი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ქალი მთელი გატაცებით მღეროდა: „.. Пою о тебе я, Одесса моя...
დერიბასოვის ქუჩაზე გასვლისას იქვე საბაჟოს შენობიდან გამოსული ბატონი საბაჟოს უფროსის დაღლილი სიფათი შემეჩეხა. ამჟამად მე მქონდა კმაყოფილი და მშვიდი სახე. საბაჟოს უფროსმა თვალები მოჭუტა, მომიახლოვდა და - ყოჩაღ მაგრად გაგვაცურე, მაინც ვერ დამაჯერებ რომ არაფერი არ გქონდაო. - რას ამბობთ ამხანაგო უფროსო თქო - გავიოცე ყასიდად და გავეცალე. გულში მადლობა გადავუხადე უფალს, რომ ეს ჩინოვნიკი მხოლოდ მეძებარი იყო და არა პოეტი .... საღამოს კი რესტორან „კრასნიში“ მეგობრებთან და ძველი დროის ყაიდაზე, მკლავებამდე თეთრი მაქმანის ხელთათმანებიან ქალებთან მჯდომს აღარც საბაჟოს უფროსი მახსოვდა და აღარც „პენტჰაუსი“...

Login icon